თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თურქეთში, აჯიბადემის უნივერსიტეტში თებერვალში ვიზიტის დროს თსუ-სა და აჯიბადემის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის შედეგად დაიგეგმა ამ ორ უნივერსიტეტს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის გზები.
თურქეთში მიღწეული შეთანხმების შედეგად, აჯიბადემის უნივერსიტეტის დელეგაცია ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მემეთ ოზეკის ხელმძღვანელობით თსუ-ს ეწვია. თსუ რექტორის მოადგილის ერეკლე ასტახიშვილთან, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილთან და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჯიბადემის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თსუ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სტაჟირების საკითხს. ორივე უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ გაიზიარებდნენ ერთმანეთის გამოცდილებას როგორც სამედიცინო პრაქტიკის, ასევე აკადემიურ ნაწილში.
აჯიბადემის უნივერსიტეტი, რომელიც მაღალტექნოლოგიური სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა 2007 წელს დაარსდა და დღემდე, დინამიკური და თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებით, პროფესორ-მასწავლებელთა მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად, ამზადებს ჯანდაცვის მომავალ სპეციალისტებს.