თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ოპოზიციური წევრების საერთო განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მაღალი სტანდარტებით იცავს ქალთა უფლებებს, მით უმეტეს ისეთი ტიპის დანაშაულზე, როგორიც არის სექსუალური შევიწროება, ქალთა მიმართ ძალადობა და გენდერული ნიშნით ჩადენილი სხვა დანაშაულები. მისივე თქმით, ნებისმიერი ასეთი ტიპის დანაშაულს მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ხოლმე.
„ჩვენ ყველანი ვდგავართ და უნდა ვიდგეთ იმ ქალთა გვერდით, რომლებიც განიცდიან სექსუალურ შევიწროებასა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას. ამის აღიარება და ხმამაღლა თქმა ძალიან დიდი გამბედაობაა. ამავდროულად, ეს უაღრესად მგრძნობიარე თემაა და ამ ტიპის ქმედების სამართლებრივად დადასტურებას მოითხოვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხი მოითხოვს შესაბამისი ინსტიტუციების, კომპეტენტური ორგანოების მიერ ზუსტ სამართლებრივ შეფასებას“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
თინათინ ნიბლოშვილმა კოლეგების მხრიდან ბრალდებას, თითქოს ის, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ძალადობის თემებთან დაკავშირებით დუმს და ამით ახალისებს ძალადობას, ტყუილი უწოდა.
„ჩემი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის თემებს, რაც ავსახეთ კიდეც ჩვენს სამოქმედო გეგმაში. ამდენად, ვინ თუ არა მათ ამის შესახებ ყველაზე კარგად იციან. არ მგონია, ამ ქვეყანაში მოიძებნოს ადამიანი, რომელიც არ გმობს ქალთა მიმართ ძალადობას და ცდილობს ამის რაიმე ფორმით გამართლებას“, -აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.