თბილისის ზოოპარკი ტრადიციულად,  საპირველაპრილო პოსტს აქვეყნებს.

💚 ხომ გახსოვთ, ამ ზაფხულს ახალი ზოოპარკის გახსნისთვის რომ ვემზადებით? ამჟამად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებაც.

ზოოპარკის ვეტექიმი, ადამ ფოცხვერია, მეუღლესთან, ექიმ-ლაბორანტ ევა აფთარაულთან ერთად, თავისუფალ დროს ეგზოტიკური მცენარეების თესლით, კალმითა და გადაწვენით გამრავლება-მყნობითაა დაკავებული. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე მწერიჭამია მცენარეების, ნეპენთესების (Nepenthes rajah Borneo), ჩითილები გამოიყვანა. მცენარის თესლები ჩვენმა მკვლევრებმა კუნძულ ბორნეოდან, ინდონეზიის ზოოპარკებში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, ჩამოიტანეს. ბ-ნი ადამის ჰიპოთეზური მიგნების თანახმად, ამ მცენარის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა რწყილების, ტკიპებისა და ათასი ოხრობის რაოდენობის შემცირება. ამ პარაზიტების პოპულაციების სეზონური აფეთქებები დიდ პრობლემებს უქმნის ზოოპარკის ბინადრებს. ცხოველების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტერიტორიის შხამ-ქიმიკატებით შეწამვლას ვერიდებით, ამიტომ მწერიჭამია მცენარეების გამრავლება ბიოლოგიური მეთოდით ბრძოლის საუკეთესო გზა იქნებოდა.

🪴 ქ-მა ევამ ჩითილები ადრე შემოდგომაზე, იაროვიზაციის (თესლის წინასწარი გაყინვა დათესვის წინ) საშუალებით გამოიყვანა, რაც მცენარის წარმატებულ გამოზამთრებას უზრუნველყოფდა. 23 ნერგიდან 19 თხლე და უგვანი გამოდგა. გადარჩენილი ოთხი ძირი გვიან შემოდგომაზე, სხვადასხვა ვოლიერში, მათ შორის, ფოცხვერების ვოლიერშიც, დარგო. მოგეხსენებათ, რომ მტაცებლების გახილვა (პარაზიტებისგან გასუფთავება) რთული და სახიფათო პროცედურაა. 

ფოცხვერების ვოლიერში დარგულმა ჩითილმა კარგად გამოიზამთრა, რასაც დიდთოვლობამაც შეუწყო ხელი. პირველი ფოთლები მარტის დასაწყისში ამოიწვერა. თავიდანვე თვალშისაცემი იყო ფოთლების უჩვეულო მონაცრისფრო-მოყავისფრო, ლაქებიანი შეფერილობა. ფოთლები ბუსუსებით იყო დაფარული, დოქისებრ ყვავილებს კი ეკლიანი ტოტები ჰქონდა გარშემორტყმული.

🌱 აღფრთოვანებული ვეტექიმი ცივ ნიავს არ აკარებდა თავის შვილობილს და მიწას პერიოდულად დომბის დამწვარი ნაკელით ანოყიერებდა. ერთ დღესაც, მოსარწყავად მისულს, მცენარე ორი მეტრით გადანაცვლებული დახვდა. სასწრაფოდ ვიდეოკამერების ჩანაწერების სანახავად გაეშურა, რადგან ეგონა, რომ ნეპენთესი მისი ნებართვის გარეშე გადარგო ვიღაცამ. გამოცდილი ვეტექიმი თვალებს არ უჯერებდა – ჩანაწერში გარკვევით ჩანდა, რომ მცენარემ ფრთხილად ამოწია ფესვები და მოშორებით გადაპოჭიკდა, ეკლებიანი საცეცი მიწაში ტუცა, სასოწარკვეთილი ვირთხა ამოიყვანა, თავის დოქისებრი ფორმის ღრმა ყვავილში გადაუძახა და ფესვები ისევ მიწაზე გართხა.

ნანახით შემცბარმა ადამმა ინფორმაცია ადმინისტრაციას მოგვაწოდა და საქმეში შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა მოითხოვა. 

კვლევაში ინდონეზიელი კრიპტოზოოლოგი, ბუ სუსი ორო ორო რაია (ბუ ინდონეზიურად, ბაჰასას ენაზე, ქალბატონს ნიშნავს),  ჩაერთო. ჩვენი ლაბორატორიიდან გაგზავნილ ბიოლოგიურ მასალაში ნეპენთესისა (Nepenthes rajah Borneo) და ფოცხვერის (Felis Lynx) დნმ-ის ფრაგმენტები აღმოჩნდა. აღნიშნული ფაქტი ფოცხვერის დნმ-ის ფრაგმენტების მცენარის ორგანიზმში შეღწევას ადასტურებდა. აქედან დასკვნა: მოხდა კროსინგოვერი, ანუ გენეტიკური მასალის აღრევა.

დაარქივებული ვიდეომასალის გაშიფვრის შედეგად აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ ადგილას, სადაც ეს მცენარე იყო დარგული, ხშირად კოტრიალობდნენ და ტერიტორიას შარდით ნიშნავდნენ ჩვენი ფოცხვერები, მათ შორის ესტრუსის (ანუ შეწყვილების პერიოდის) დროს. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ორივე ფოცხვერი მდედრია. როგორც ჩანს, ესტრუსის დროს გამოყოფილი გამონადენი ნიადაგში ხვდებოდა და გამდნარ თოვლთან ერთად მცენარეში შეიწოვებოდა. პროცესი კიდევ უფრო გაამძაფრა იაროვიზაციამ, რომელმაც ნუკლეოტიდური შიმშილი გამოიწვია. რა არის ნუკლეოტიდური შიმშილი? ამ ფენომენის დროს ე.წ. „პრედატორ“ რნმ-ები ნუკლეოტიდებსა და დნმ-ის ფრაგმენტებს იტაცებენ გამოზამთრების შედეგად დეგენერირებული ქსოვილების რეგენერაციისთვის. 

🐾+🍃 ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ფოცხვერის გენი მცენარის გენეტიკურ სტრუქტურაში ჩაშენდა და, შედეგად, მცენარისა და ცხოველის უცნაური ჰიბრიდი მივიღეთ.

💫 ამ ახალ ორგანიზმს Nepelynx Lotkinae, ანუ ლოტკინის ნეპელინქსი ვუწოდეთ. 

ნეპელინქსის დეტალური დათვალიერებისას გაირკვა, რომ ის, რაც ჩვენ ეკლები გვეგონა, ჩასაკეცი „კლანჭები“ ყოფილა, რომელთა საშუალებითაც მტაცებელი მცენარე მსხვერპლს მოიპოვებს. ზოოპარკის ვიდეოკამერების ჩანაწერების ანალიზმა ცხადყო, რომ მცენარის გადაადგილების მაპროვოცირებელი ვირთხის სოროს სიახლოვე აღმოჩნდა. ჩვენი ვეტექიმების დაკვირვებით, მას განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება აქვს ფოცხვერებთან, არაფერს ერჩის და ქარის დროს მისი ფოთლების ნაზი შრიალი კატის კრუტუნს მოგვაგონებს.  
   
ჯერჯერობით ბუნდოვანია, იძლევა თუ არა მცენარე ნაყოფიერ შთამომავლობას. სამომავლოდ, თუ მის გამრავლებასა და ზოოპარკის ტერიტორიაზე მოშენებას შევძლებთ, ეს ძირეული გარდატეხა იქნება მღრღნელებთან ბრძოლის საშვილიშვილო საქმეში. რაც შეეხება პარაზიტებს, ნეპელინქსის ყვავილობამდე მტაცებლების გახილვას ჩვენი ვეტექიმები გააგრძელებენ.