თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 107 წლისაა!
ამ თარიღთან დაკავშირებით, თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თსუ პანთეონში უნივერსიტეტის დამფუძნებლების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
1918 წელს ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ სათავადაზნაურო გიმნაზიის 3 ოთახში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის 369 სტუდენტითა და 89 მსმენელით ჩაეყარა საფუძველი ევროპული ტიპის უმაღლეს განათლებას საქართველოში - გაიხსნა ტფილისის უნივერსიტეტი. უნივერსიტეტმა იმთავითვე საკუთარ თავზე აიღო ქვეყნის განათლება და განვითარება.
დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-მდე კორპუსში, მათ შორის 12 სასწავლო კორპუსში, 7 ფაკულტეტის 240 საგანმანათლებლო პროგრამაზე, 26 ათასამდე სტუდენტი სწავლობს და 16 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 85 ლაბორატორიაა განთავსებული.
თსუ აქტიურად თანამშრომლობს 56 ქვეყნის 200-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან. თსუ სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩართულნი არიან ევროკავშირის პროექტში „ერასმუს პლუსი“ 26 ევროპული ქვეყნის 86 უნივერსიტეტთან.