თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტს „აქტემრას" დააფინანსებს. - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით.
მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.
თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ქულა DAS28 ინდექსით არის 3.2 ან მასზე მეტია. მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.
განცხადებას უნდა ერთვოდეს:
✅პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
✅თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის საინფორმაციო ბარათი;
✅ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე;
✅ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგ ჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ;
✅კონსილიუმის ვადიანი დასკვნა, პაციენტისთვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე.
✅კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
✅სხვა დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ხოლო განაცხადების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან.