საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games 2025) ასპარეზობისთვის კანადაში გაემგზავრა. სამხედრო პარასპორტსმენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გააცილეს.
მათ სამხედროებს წარმატებული ასპარეზობა და სამშობლოში გამარჯვებით დაბრუნება უსურვეს. თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, სამხედროების გულშემატკივრობისა და მხარდაჭერის მიზნით კანადაში პარასპორტსმენებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც გაემგზავრნენ.
წელს ,,ძლიერთა თამაშებში“ საქართველო 20 სამხედრო პარასპორტსმენით წარდგება. დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცები სპორტის ისეთ სახეობებში იასპარეზებენ, როგორიცაა მჯდომარე ფრენბურთი, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე, ბიატლონი, კერლინგი და თხილამურით სრიალი.
2025 წლის „ძლიერთა თამაშებს“ კანადა ქალაქებში - ვანკუვერსა და ვისტრელაში მასპინძლობს. საერთაშორისო ასპარეზობაში 25-მდე ქვეყნის 550 პარასპორტსმენი მონაწილეობს. საერთაშორისო პარასპორტული შეჯიბრის ისტორიაში წელს ერთდროულად პირველად იმართება ზამთრისა და ზაფხულის ტურნირები. „ძლიერთა თამაშები“ 2014 წლიდან გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის პრინც ჰარის პატრონაჟით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ 2014 წლიდან წარმატებით მონაწილეობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვს უმაღლესი სინჯის მედლები.