თავდაცვის სამინისტროს განცხადება.
"თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის ადგილზე, შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.
ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით, სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია. წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.
თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.