ხშირად გვიკამათია, ერთმანეთისთვის პოზიციები გაგვიცვლია, მაგრამ ყოველთვის მივსულვართ კონსენსუსამდე, რაც ემყარება იმ პრინციპებსა და სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავს მაუწყებლის არსს, - ამის შესახებ „მოამბის“ და გადაცემა „დღის თემის“ წამყვანმა, თამთა სანიკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსია - მაყურებელს უჩვენოს მოვლენები, არ დამალოს ფაქტები, არ შეალამაზოს ან არ დაამახინჯოს ისინი, და, რაც მთავარია, მოვლენების ასახვა მოხდეს ნეიტრალურად, ობიექტურობის, სიზუსტის პრინციპით.

„ტელევიზიის თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან მძიმეა ის პროცესები,რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ვითარდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო, ისევე, როგორც ემოციურად საკმაოდ რთულია ყველა ჩვენგანისთვის აქ ყოფნა. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იდეალურობაზე და არ გვაქვს პრეტენზია, რომ ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა ფუნქციას და მოვალეობას, რომელიც ეკისრება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ ვთანხმდებით იმ სტანდარტებზე, ნორმებსა და პრინციპებზე, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს და იდეას. რა არის ეს სტანდარტი? ვაჩვენოთ მაყურებელს მოვლენები, არ დავმალოთ ფაქტები, არ შევალამაზოთ, ან არ დავამახინჯოთ და რაც მთავარია, მოვლენები ავსახოთ ობიექტურობის, სიზუსტის პრინციპით - ნეიტრალურად. მაყურებლამდე, აუდიტორიამდე მივიტანოთ საზოგადოებაში არსებული მოსაზრებების და პოზიციების მრავალფეროვნება. შევთავაზოთ ერთ კონკრეტულ თემაზე სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანების, იქნებიან ეს საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები, თუ პოლიტიკური ჯგუფები, მათი მოსაზრებები და პოზიციები“, - განაცხადა თამთა სანიკიძემ.

მისი თქმით, არხის სარედაქციო პოლიტიკასთან, ამბების გაშუქებასთან დაკავშირებით როდესაც ბრალდებები ისმის, ამის პირველი ადრესატია საინფორმაციო სამსახური.

„დამეთანხმებიან კოლეგები, რომ არასდროს არ მომრიდებია ჩემი, თუნდაც განსხვავებული პოზიციის გამოთქვა ნიუსრუმში. რადგან ბრალდებებია არხის სარედაქციო პოლიტიკასთან, ამბების გაშუქებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ამ ბრალდებების პირველი ადრესატი არის საინფორმაციო სამსახური, რადგან ის უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებას. ხშირად არ ვართ ერთ პოზიციაზე, არის თემები, რომლებზეც სხვადასხვანაირად ვფიქრობთ, თავისუფლად გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებებს. ხშირად გვიკამათია, ერთმანეთისთვის პოზიციები გაგვიცვლია, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, ამაში არანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. არ შეიძლება ადამიანებს გვქონდეს ერთი და იგივე პოზიცია და აბსოლუტურად ერთნაირი მიდგომა ახალი ამბების თანმიმდევრულობასთან, თუ კონკრეტული ფაქტებისა და მოვლენების გაშუქების ფორმებთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მივსულვართ ამ კამათის შედეგად კონსენსუსამდე და ეს კონსენსუსი ემყარება იმ პრინციპებსა და სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს. არსს მაუწყებლისა, რომელიც საზოგადოების წინაშე არის ანგარიშვალდებული“, - განაცხადა თამთა სანიკიძემ.

მისი თქმით, საკუთარ საკადრო ტექსტებში ყოველთვის ხელმძღვანელობს მხოლოდ ერთი პრინციპით - მაყურებელს მოუყვეს ამბის შესახებ, რომელიც ხდება ქვეყანაში, თუ მის ფარგლებს გარეთ, აუდიტორიამდე მიიტანოს პრობლემის სიმწვავე და ამ საკადრო ტექსტში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ყველა იმ მხარის პოზიციების ასახვა, რომელიც თემასთან დაკავშირებულ ადამიანებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, თუ საზოგადოების წარმომადგენლებს შეიძლება, ჰქონდეთ.

„ამავე პრინციპით ვხელმძღვანელობ გადაცემის დროსაც, პირველ რიგში რესპონდენტები დამეთანხმებიან, რომ არ ყოფილა ერთი გადაცემაც კი, სადაც მე მხოლოდ ერთი მხარე მყავდა წარმოდგენილი. ბალანსი ყოველთვის არის დაცული. ჩემი მთავარი ფუნქცია და მისიაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნეიტრალური პლატფორმა , სადაც ადამიანებს ერთ კონკრეტულ მოვლენასა და საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს არ ერწყმებოდნენ და ჰქონდეთ რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები, ერთ სივრცეში, ერთი გადაცემიდან მაყურებლამდე მიიტანონ სათქმელი, მიეცეთ მათ აზრის გამოთქმის შეუზღუდავი საშუალება და რაც მთავარია, დავსვათ კითხვები. კრიტიკული შეკითხვები, პირველ რიგში ხელისუფლების მისამართით, იმიტომ რომ მას აქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ოპონენტების მისამართით. მძიმე ბრალდებებს როდესაც ვისმენთ, რომ გავლენებით იმართება და არხზე ღიად ტარდება სახელისუფლებო პროპაგანდა და იდეოლოგია, ვისურვებდი, რომ წარმოდგენილი იყოს ფაქტები. ფაქტები იმის შესახებ, რომ თუნდაც ჩემი საკადრო ტექსტებში ან გადაცემაში კითხვების ფორმულირების დროს, სად გავატარე სახელისუფლებო იდეოლოგია თუ პროპაგანდა. საკმაოდ მძიმეა ბრალდება, რომ პირველი არხის საინფორმაციო სამსახური ატარებს პროპაგანდის ხაზს“, - განაცხადა თამთა სანიკიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს მართავს ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის საამაყო წევრად დაასახელეს.

„არხის გენერალური დირექტორის მიმართ ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ წარმოუდგენელი მასშტაბის ცილისმწამებლური კამპანია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთი ფრაზის გამო, რასაც შემდგომ ეს კამპანია მოჰყვა, რომელიც ჩემი აზრით, ყველანაირ ზღვარს სცილდებოდა. არ ვთვლი, რომ თინათინ ბერძენიშვილი, არხის გენერალური დირექტორი და ხელმძღვანელი, არის ადამიანი, რომელიც ატარებს, თურმე, საბჭოთა პროპაგანდისტულ ხაზს. მე ვთვლი, რომ პირველ არხს დღეს მართავს ადამიანი და იკავებს გენერალური დირექტორის პოზიციას ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის საამაყო წევრად დაასახელეს. ეს არის ფაქტი“, - განაცხადა თამთა სანიკიძემ.