2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ბიზნესმენ თამაზ წულაიას უსმენენ, რომელიც "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ მისი უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტს იხსენებს.

მისი განცხადებით, ანაკლიის ცენტრში 600 კვ. მეტრის მიწა ჰქონდა, რომელზედაც გალავანი ჰქონდა შემოვლებული და 20 ათას დოლარამდე მასალა ჰქონდა განთავსებული, ახალაიამ და გოროზიამ კი დაუკითხავად მიითვისეს წულაიას მფლობელობაში არსებული მიწა, მასზე განთავსებული ნაგებობა და მასალები.

"ანაკლიაში, ცენტრში მქონდა 600 კვ.მ. მიწა, საბუთიც მაქვს და რეესტრშიც გატარებულია. მაშინ ციხიდან გამოსული ვიყავი და შორიდან ვხედავდი, მაგრამ ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, თუ შენ აქ გამოჩნდები, ისევ ციხეში დაგაბრუნებენ, ამიტომ ხმა არ ამოიღოო. შემოკავებული მქონდა შენობა კარგი ღობით, ბეტონი დასხმული მქონდა, მოწესრიგებული, მქონდა 18-20 ათასი დოლარის მასალა დაწყობილი. პირადად ახალაიამ და გოროზიამ, ეს ყველაფერი წაიღეს, რაც წასაღები იყო, ეს გალავანი მოანგრიეს ტრაქტორებით და სასტუმრო გააშენეს იმ შენობაზე. ჩემთვის არც უკითხავთ, არც მომყიდე უთქვამთ, არც ხელი მოაწერეო, იმიტომ, რომ იცოდნენ, არ მოვაწერდი და მიითვისეს ეს შენობა." - განაცხადა თამაზ წულაიამ.