სვიმონ დადიანის ნამუშევრები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში იყო გამოფენილი, უკვე მეორე დღეა დიდი დისკუსიის და საჯარო დებატების თემაა.

საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მისამართით განხორციელებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს სამუზეუმო ექსპონატები დააბრუნოს მუზეუმის სივრცეში, ექსპონატის დაზიანების გამო კი პასუხი მოსთხოვოს იმ პირს, რომელმაც ჩაიბარა და პასუხისმგებლობა აიღო ამ უნიკალურ ნახატებზე, რომლის ჩამოტანაშიც ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვის სალომე ზურაბიშვილს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, უნიკალური ექსპონატის დაზიანების ფაქტი არ არიდებს თავიდან პასუხისმგებლობას მას, ვინც აიღო ვალდებულება დაეცვა ნახატები.

პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინე ნაცვლიშვილი მართალია აცხადებს, რომ დაზიანების ვადა ვერ დგინდება, თუმცა არსებობს დოკუმენტები, რომელზედაც სწორედ მას აქვს ხელი მოწერილი ნახატების ჩაბარების დროს და რომლითაც ადასტურებს, რომ 2020 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ჩაბარებული ყველა ნამუშევრის „დაცულობა კარგია“.

დაცულობის სიკარგე კი ნიშნავს იმას, რომ ნამუშევრები ჩაიბარა დაზიანებების გარეშე.

მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად: 

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გენერალური ინსპექტორები შევიდნენ.

როგორც „აიპრესისთვის“ ხდება ცნობილი, ინსპექტორები რამდენიმე დღით ადრეც შევიდნენ, თუმცა მათ ნახატების წამოღება მაშინ ვერ შეძლეს.

როგორც ირკვევა,  დაახლოებით 2 წლის წინ ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაშისვიმონ დადიანის 5 ნამუშევარი  ექსპონატის სახით წამოიღესერთ-ერთი მათგანი ამ დროისთვის დაზიანებულია. თუმცა, ექსპონატების დაზიანების ფაქტს პრეზიდენტის მრჩევლის განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი უარყოფს.

მედიის კითხვაზე, გენინსპექციის შემოსვლა ხომ არ უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას და არის თუ არა ეს პოლიტიკური, კონსტანტინე ნაცვლიშვილი აცხადებს:

"პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელოვნების სასახლესთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს. რაც ეხება ნამუშევრების ექსპონირების ვადებს, ვფიქრობ, ვადები ყველანაირად დაცული იყო, არანაირი დარღვევა არ ყოფილა.

ორბელიანების სასახლე ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობაა საქართველოში, ამიტომ ვერ ვხედავ რაიმე საფრთხეს და რაიმე პრობლემას თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები ორბელიანების სასახლეში გამოფენილი.

იცით, რომ ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება და წარმოადგენს ან თავდასხმას, ან პრეზიდენტის ინსტიტუციაზე თავდასხმის მცდელობას, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური." - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, "რაც ეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას, ნამუშევრებმა საქართველომდე ძალიან დიდი გზა გამოიარეს. ისინი, თავის დროზე, დასაწყობებული იყო ამერიკაში, ამერიკიდან ჩავიდა პარიზში, პარიზიდან საქართველოში, იყო ორ სხვადასხვა სივრცეში ექსპონირებული და აი ამ ათეულობით ნამუშევრიდან ხელოვნების სასახლის მიერ მხოლოდ 5 ნამუშევარი შეირჩა ორბელიანების სასახლეში გამოსაფენად.

შესაბამისად, ის მცირედი დაზიანება, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება როდის იქნა მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად, დაზიანებული მოვიდა ჩვენს სასახლეში."

 რას ვკითხულობთ დოკუმენტებში:  2020 წელს საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიასა და კონსტანტინე ნაცვლიშვილის მიერ ხელმოწერილ მიღება ჩაბარების აქტში, სადაც შეფასებულია ყველა ნამუშევარი, ყველა ნახატის აღწერის ქვემოთ ვკითხულობთ - „დაცულობა კარგია“. არცერთ ნახატზე არ არის მითითებული, რომ ის დაზიანებულია.

2023 წელს კი, რესტავრატორის მიერ შედგენილ აქტში, რომელსაც ხელს აწერს ისევ კონსტანტინე ნაცვლიშვილი და რესტავრატორი ვკითხულობთ: ნამუშევარში, მარჯვენა შუა კიდესთან აღინიშნება მცირე, 1, 5 ზომის ჩახეული ადგილი, რის გამოც დაზიანებულია ფერიც და გრუნტიც.

ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას მივმართეთ, რათა კონსტანტინე ნაცვლიშვილს კიდევ უფრო დეტალური განმარტება მოეცა ჩვენთვის, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადაწყვეტს მოგვაწოდოს განმარტება, მას დაუყოვნებლივ გაგაცნობთ.