სწავლება - „გელათი 2024“ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის “ალფა” ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლებით დაასრულა. საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.
სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფს მხარს უჭერდა “დანა” ბატარეა, 120მმ-იანი ნაღმსატყორცნების ჯგუფი, სატანკო ასეული, ასევე, საინჟინრო, ჰაერსაწინააღმდეგო და სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფი.
სწავლების მიზანი ოპერაციის რაიონში მანევრის, ცეცხლისა და ძლიერი საინჟინრო ეფექტების ინტეგრირებით საკვანძო ადგილმდებარეობის შენარჩუნება იყო.
სწავლების დასრულების შემდეგ, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა, „გელათი 2024“ ის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიგელები გადასცა.