უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს , რომელსაც 23 მაისს საქართველოს საპატრუარქო ავრცელებს:
✨ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
🔸 ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავრებო, პატიოსანნო მამანო, ამ წმინდა მონასტრის წინამძღვარო, მაღალღირსო მამაო საბა, დედებო, ძმებო და დებო!
🔸 გილოცავთ დღევანდელ დღეს - შიო მღვიმელის ხსენებას, წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის ხსენებას, შეგვეწიოს ყველას, ჩვენ და სრულიად საქართველოს, მათი ლოცვა და მადლი.
🔸 ძვირფასო მეუფე თეოდორე, მადლობა მინდა გითხრათ ასეთი თბილი სიტყვებისთვის, გამხნევებისთვის, დალოცვისთვის და აღვნიშნო, რომ რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ამ მოკლე ხანში რაც ჩვენ ერთად შევასრულეთ, ჩვენი შვილებრივი ვალი მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ, ეს ყველაფერი კეთდებოდა თქვენი დახმარებით, ჩვენი ძვირფასი მღვდელმთავრებისა და სამღვდელოების დახმარებით. ვსარგებლობ შემთხვევით და ამისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ.
🔸 დღეს მეუფე თეოდორემ ახსენა თავის სიტყვაში გზა უფლისა. დღევანდელ სახარებაში სწორედ ამაზე იყო საუბარი. უფალი იესო ქრისტე ეუბნებოდა თავის მოციქულებს, რომ უნდა წავიდეს ზეციერ მამასთან, „ჩემი მამის სავანეები ბევრია“ (ინ. 14, 2), - ამბობდა იგი, „და მე უნდა წავიდე, რომ განგიმზადოთ თქვენ ადგილი და კვლავ მოვალ, რომ ჩემთან წაგიყვანოთ, რათა სადაც მე ვარ, იქ თქვენც იყოთ და სადაც მე მივდივარ, ის გზა თქვენ იცითო“ (ინ. 14, 3-4). მაგრამ მოციქულებს ძალიან უჭირდათ ამის გაგება, ამ შემთხვევაშიც გამოიჩინეს ასეთი უმეცრება და უთხრეს: „უფალო, სად მიდიხარ, არ ვიცით და გზა როგორღა გვეცოდინებაო?“ (ინ. 14, 5). მაშინ უფალმა უთხრა: „მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ ცხოვრება“ (ინ. 14, 6).
🔸 რომელ გზაზე საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე? რას გულისხმობს? - ეს არის გზა მიმყვანებელი უფალთან, გზა სულის გადარჩენის და ცხონების. მეუფემაც სწორედ ეს გზა ახსენა თავის სიტყვაში, ამ გზით დადიოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, ღირსი მამა შიო მღვიმელი, ასურელი მამები, სხვები და სხვები და მიაღწიეს სულის განღმრთობას, ძალიან დიდ სრულყოფილებას და ანათებენ მთელ მსოფლიოში თავიანთი სულიერებით და სიწმინდით.
🔸 მაგრამ უფალს არ უთქვამს, რომ ის მხოლოდ გზაა, ასევე დასძინა, რომ ის არის ჭეშმარიტება. რა არის ჭეშმარიტება სულიერ, რელიგიურ ცხოვრებაში? ეს არის მართებული დამოკიდებულება ადამიანსა და ღმერთს შორის, მართებული სწავლება. უფალმა იესო ქრისტემ, გარდა იმისა, რომ გვასწავლა, როგორი უნდა იყოს ეს დამოკიდებულება ღმერთთან, თავისი პირადი მაგალითითაც გვიჩვენა, როგორ უნდა შევასრულოთ ღვთის ნება, ღვთის მცნებები.
🔸 ბოლოს უფალი ამბობს: „მე ვარ სიცოცხლე“ (ინ. 14, 6), სხვაგან კი ამბობს: „როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძეს მისცა, რომ ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში“ (ინ. 5, 26). მოკვდავთაგან არავის შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. რაც ჩვენ გვაქვს (ეს ჩვენი ცხოვრება), ეს დროებითია, წარმავალია, თუ შეიძლება ითქვას, ნასესხებია. ამავე დროს, მას თან ახლავს დაცემულობა, მსჭვალავს ამ ჩვენს ცხოვრებას დაცემულობა, სიკვდილი. ამიტომ თავის თავში ცხოვრება მხოლოდ ღმერთს შეიძლება ჰქონდეს.
🔸 ამ სიტყვებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმაზე, რომ ძალიან ბევრს ავიწყდება, რომ ღმერთია, იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც; ფიქრობენ, რომ ღვთის გარეშე, მარტო ჩვენი გონებით, თუნდაც მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით, შეიძლება საზოგადოების თუ კაცობრიობის განათლება, აღორძინება, თუნდაც ზნეობრივი და ა. შ. არ ახსოვთ ის, რომ, მაგალითად, უზნეო კაცის ხელში ეს დიდი ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში, შეიძლება სიკვდილის იარაღიც კი გახდეს. ამიტომ მეცნიერება აუცილებელია, ცოდნაც აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მაშასადამე, საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, მის შინაგან სამყაროზე, მის შინაგან ცხოვრებაზე, რადგან, როგორც უფალი ამბობს: „გულიდან გამოდიან ბოროტი ზრახვანი“ (მთ. 15, 19) და რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი ზნეობრივად, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში სულიერების, ზნეობრიობის
ეს ნაპერწკალი გააღვივოს და დააყენოს გადარჩენის გზაზე.
🔸 ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დიდი სიხარულია ჩვენთვის შიო მღვიმელის ხსენება, ამ წმინდა მონასტერში წირვა და ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენი ერი მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობდა ამ გზით სიარულს. მიუხედავად მრავალი დაცემისა თუ სირთულისა, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო ერთგული ამ გზის, ჭეშმარიტების, ცხოვრების და იმიტომაც მოგვიყვანა უფალმა დღემდე. რაც მეუფემ ახსენა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ, გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება, დიდი რწმენა, ის, რომ ჩვენ დღესაც ერთგულნი ვართ ამ გზის. ამისთვის ჩვენ ვმადლობთ უფალს.
🔸 კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. შეგეწიოთ წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ღირსი მამა შიო მღვიმელი, ღირსი ასურელი მამები და მოგვცეს მადლი, ჩვენ, ჩვენმა ხალხმა და ერმა, კვლავ ვიაროთ უფლის ამ გზით.
🔸 ღირს მამა შიო მღვიმელის მეოხებით, წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის მეოხებით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
🔸 ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო! გააძლიეროს და გაამრავლოს ეს წმინდა მონასტერი, ამ მონასტრის მამები და ძმები და ბერმონაზვნობა ჩვენს ქვეყანაში. ამინ!
✨ ჩვენთან არს ღმერთი!
⛪️ შიომღვიმის მონასტერი









