"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებას და ბერ-მონაზვნებს, ლოცვისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის, ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა და გვამხნევებდა, გვმატებდა ძალას და სიმტკიცეს" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამებაში წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
შიო მესამემ მრევლს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თანადგომისა და სიყვარულისთვის.
"ჩვენ ამ ძმური ერთობით და სიყვარულით, შევიკრიბეთ აქ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, რათა მშვიდობით და მადლიერებით ვადიდოთ ყოვლად მოწყალე უფალი. განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს.
გულითადად გიხდით მადლობას ამ მნიშვნელოვან დღეს ჩამობრძანებისთვის. თქვენი აქ ყოფნა, ლოცვა და თანადგომა არის დასტური ჩვენი ეკლესიების სულიერი ერთობის და ქრისტეს მიერი სიყვარულის. გვწამს, რომ სწორედ ამ ერთობით და სისავსით განმტკიცდება ჩვენი რწმენა და ჩვენი ეკლესიების ერთობა.
დღეს თქვენს წინაშე მდგარი სიმდაბლით და კრძალვით, კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს, კათოლიკოს პატრიარქობის დიდი პატივისთვის. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, გაცნობიერებული მაქვს ამ მოწოდების სიდიადე და ჯვრის სიმძიმე, მეორე მხრივ კი ვგრძნობ ჩემს ადამიანურ სიმწირესა და უძლურებას. ამიტომ, თქვენი ლოცვითი თანადგომა კიდევ უფრო მეტ სულიერ სიმტკიცეს და მხარდაჭერას მმატებს ამ მეტად საპასუხისმგებლო ჟამს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, ჩვენს სულიერ შვილებს, ჩვენს სამღვდელოებას და ბერ-მონაზვნებს, ლოცვისთვის, თანადგომისა და სიყვარულისთვის, ამ დღეებში რომ ასე შეგვეწეოდა და გვამხნევებდა, გვმატებდა ძალას და სიმტკიცეს.
თითქმის 2000 წელი გავიდა, რაც წინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით, გამოემართა საქართველოსკენ, ქრისტეს რწმენის საქადაგებლად. უფლის კვართის მფლობელმა ერმა გულის კარგი გაუღო მაცხოვრის ცოცხალ სიტყვას და წმინდა მოციქულების - ანდრიასა და სიმონ კანანელის ქადაგებით, პირველ საუკუნეშივე შეძლო ქრისტეს ნათელთან ზიარება. მოგვიანებით კი მოციქულთა სწორის, ქალწულ ნინოს ღვაწლით, სამარადჟამოდ დაიმარხა გულში მაცხოვრის რწმენა, როგორც ქართველი ერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და თვითმყოფადობის სულიერი და სახელმწიფოებრიობის ცნობიერების მთავარი საფუძველი.“ - განაცხადა კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ.








