ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება არ მიეცეს , - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.
„იუსტიციის მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს. ამას რამდენიმე თვეა ორკესტრირებულად აცხადებენ, პრემიერ-მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, მაღალი თანამდებობის პირები, პარლამენტარები და ბოლო დღეებში ჩაერთო კლინიკა „ვივამედის“ ორი ექიმი: ზურაბ ჩხაიძე და თამარ დავარაშვილი. ორკესტრირებულად მოქმედებს პოლიტიკური და სამედიცინო ნაწილი.
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლების განცხადებები, ევროპარლამენტარებზე, დასავლეთზე ახალი არ არის. მათი გადმოსახედიდან, დედამიწაზე ყველა „ნაციონალია“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტია. ხელისუფლებას ფაქტია გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს სააკაშვილს მკურნალობის საშუალება არ მიეცეს. ვისმენთ გაუგონარ განცხადებებს, რომ სააკაშვილს სამკურნალო არაფერი არ სჭირს და პრობლემა დაიყვანეს იქამდე, თურმე სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატი ასევე გამოეხმაურა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, თამარ დავარაშვილის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს.
“სამარცხვინოა ეს განცხადება, როცა ამას ექიმი აკეთებს. საერთაშორისო სამედიცინო დარგში 17 ექსპერტი იყო ჩართული და სახალხო დამცველის 6 ექსპერტი. ამასთან, ჩართული იყო ბრიტანელი ფსიქიატრი. ექსპერტების 3 დამოუკიდებელი ჯგუფის ორი დიაგნოზი თანხვედრაშია, ეს არის კახექსია და დემენცია. არის კიდევ ერთი დიაგნოზი, რომელიც გათავისუფლების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა 10 დიაგნოზია , ჯამში 13 დიაგნოზია, რითაც ან გათავისუფლება უნდა მომხდარიყო ან გადავადება.
რით ადასტურებს ამას ქალბატონი თამარი? ქალბატონი თამარი არის ჰიპოკრატე, მის იქით არავინ არაფერი არ არის, არც დევიდ გოლდსმიტი, არც კორნელიუს კატონა. თამარი და ზურაბი არიან დედამიწაზე ყველაზე მაგარი ექიმები. საერთოდ, საბჭოთა კავშირის ჯარის ექიმი იყო ზურაბ ჩხაიძე. გადახედეთ ბიოგრაფიას სად მუშაობდა. ოკუპანტი ჯარის ექიმი იყო. დილას რასაც გეუბნება, საღამოს არ ახსოვს, ასაკშია უკვე ადამიანი“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.