საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილის მძიმე ავადმყოფობას დასაბუთებულ განაჩენში ადასტურებს, თუმცა მისი სასჯელის გადავადებასა და სასჯელისგან გათავისუფლებას მის მიმართ აღძრული საქმეების გამო არ ფიქრობს.

„მოსამართლე თავის განჩინებაში ადასტურებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, თუმცა ამბობს, რომ ვინაიდან ის გასამართლებულია ორ საქმეზე, გარდა ამისა, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა დანაშაულებზე საქმეები იხილება და პენიტენციურში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, აქედან გამომდინარე, ის თვლის, რომ მის მიმართ სასჯელის გადავადება და სასჯელისგან გათავისუფლება არ უნდა მოხდეს. ტოქსიკოლოგის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლევებს მოწამვლასთან დაკავშირებით საჭიროებს.

ასევე, მოსამართლე განჩინებაში თავად მარიამ ჯიშკარიანს აკრიტიკებს. ასევე, ოთარ თოიძის და ლალი ჯავაშვილის საექსპერტო დასკვნაში მათ ობიექტურობას, ვინაიდან მისი თქმით, თავის დროზე ერთი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახლდათ და მეორე კიდევ სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში მუშაობს. ძირითადი მიზეზები, რასაც მოსამართლე ამბობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამოწვეულია იქიდან, რომ ის უარს ამბობს მკურნალობაზე და არ იღებს საკვებს. ის გადაწყვეტილება, რაც წავიკითხე არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ამიტომაც სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.