პენიტენციურმა სამსახურმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია და ჩვენ მეტი არც არაფერზე ვდაობთ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
"მეორე მხარე მისდა უნებურად შემოვიდა დავაში, რომ უტარდება თუ არა სააკაშვილს სათანადო მკურნალობა. ანუ მეორე მხარემ არ იდავა, ეს დიაგნოზები დემენცია, კახექსია და ა.შ... არ აქვს სააკაშვილს. მეორე მხარემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ სააკაშვილს ეს დიაგნოზები აქვს და მთელი დავა გაიმართა იმაზე, რომ ამ ადამიანს უტარდება თუ არა ადეკვატური მკურნალობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უამრავი პატიმარი არის ავად, მათ შორის შიდსით, ცე ჰეპატიტით, ტუბერკულოზით და ასე შემდეგ, ამ ადამიანებს უტარდებათ სათანადო მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ანუ ამ გაწეული მკურნალობით ხელი არ ეშლება სასჯელის მოხდას და სააკაშვილის შემთხვევაში, რომელიც 10 თვეა იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, არავინ დაობს... სააკაშვილმა მოითხოვა სასამართლოზე დასწრების უფლება და "ვივამედიდან" მოვიდა ცნობა მისი ავადმყოფობის გამო, მას ვერ მოვიყვანთო. ანუ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები მისდა უნებურად, დიახ ადასტურებენ, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია და ჩვენ მეტი არც არაფერზე ვდაობთ. ჩვენი შუამდგომლობა და ექსპერტიზის დასკვნა იმაზეა, რომ იგი არის მძიმე ავადმყოფი, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას"- აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 20 იანვარს 11 საათზე გაიმართება. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნობელიანტი ექიმი ჯეიმს კობი და "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი დაიკითხნენ.