"ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ" - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც უკავშირდება მცხეთის ჯვრის მონასტერთან მომხდარ ვანდალურ ქმედებას:
"გამოვთქვამთ გულისტკივილს იმ მკრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, - მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახანს დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების (თუ მოქალაქის) შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ.
▪️ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი (თუ ადამიანები) ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშსწორების შესახებ, რაც დაუშვებელია.
▪️შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შსს-ს"- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ცნობისათვის: მცხეთის ჯვრის მონასტერში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ეკლესიის შეურაცხყოფის კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
ირკვევა, რომ ის საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.