საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბუიარ ოსმანისთან რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ომს უკრაინაში, როგორც გამოწვევას რეგიონის, ევროპის უსაფრთხოებისათვის და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას.
„საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მათ შორის, იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ეუთო დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, არსებითი რეფორმების გატარების თვალსაზრისით ახორციელებს, რაც ესოდენ აქტუალურია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის განსაკუთრებით, ახლა, როცა ქვეყანა კანდიდატობის მოლოდინშია.
ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, კიდევ უფრო გაძლიერდეს მხარდაჭერა ქვეყნის ინსტიტუციური რეფორმების კუთხით“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.