თბილისის წარმომადგენლობით  ორგანოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ და  საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, პალერმოს მერის მოადგილესთან, მაურიციო კარტასთან, სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრა  ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე თბილისსა და პალერმოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. მაურიციო კარტა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14  ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

ზურაბ  აბაშიძემ და ლევან არველაძემ იტალიელ სტუმარს თბილისის საკრებულოს მუშაობისა და დედაქალაქში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების  შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. როგორც ლევან არველაძემ განაცხადა, ფონდთან  „ცხოვრება მშვენიერია“ ერთად მუნიციპალიტეტის დონეზე უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა და ამ შეხვედრებზე თბილისსა და პალერმოს, როგორც დამეგობრებულ ქალაქებს, შორის თანამშრომლობის განახლების საკითხები განიხილეს.

„დღეს ქალაქ პალერმოს მერის მოადგილესთან, მაურიციო კარტასთან, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. საუბარი გვქონდა პალერმოსა და თბილისს შორის არსებული დაძმობილების ხელშეკრულების განახლებაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე. დაიგეგმა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებები და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მეგობრული და ახლო ურთიერთობის გაგრძელებასა და გაღრმავებას ორ ქალაქს შორის“, - განაცხადა ლევან არველაძემ.

პალერმოს მერის მოადგილემ, მაურიციო კარტამ, თბილისის საკრებულოს წევრებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა,  რომ ორ დაძმობილებულ ქალაქს, პალერმოსა  და თბილისს, შორის  ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობასა და თბილისისა და პალერმოს დაახლოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.