თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის მეთოდოლოგიისა და პროცესის პრეზენტაცია გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა, რომელმაც შეხვედრის მიზნებზე, დოკუმენტის მნიშვნელობასა და სოციალური ჩართულობის საკითხებზე ისაუბრა.
„USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით. დარწმუნებული ვარ, რომ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი, რასაც გენდერული აუდიტის ჩატარება ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის. ვთვლი, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს სამომავლო მიზნებსა და ამოცანებში აქტიურად აისახება ის რეკომენდაციები, რომლებსაც გენდერული აუდიტის ჩატარების შემდეგ USAID-ის ექსპერტები მოგვაწვდიან“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრაზე გენდერული აუდიტის მეთოდოლოგიისა და პროცესის პრეზენტაცია გენდერული აუდიტის ექსპერტებმა, აკრედიტებულმა ფასილიტატორებმა, რუსუდან კონჯარიამ და ნინო ლილუაშვილმა წარადგინეს. მათ დეტალურად ისაუბრეს იმ პროცესებზე, რომლებიც თანამშრომლობის შედეგად განვითარდება.
როგორც სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის მეთოდოლოგია ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ პრაქტიკასა და სტანდარტს. ინსტრუმენტი აფასებს, თუ რამდენად ეფექტიანად ხდება ორგანიზაციულ საქმიანობაში გენდერული საკითხების ინტეგრირება, კრიტიკული გამოწვევების გამოვლენა, ხარვეზების აღმოფხვრა და პრაქტიკული რეკომენდაციებს შეთავაზება.
სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებმა პრიორიტეტებსა და ძირითად ამოცანებზე ისაუბრეს.