თბილისის საკრებულოში ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ  ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი მეთიუ მორი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ტყემალაძე, საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდერ კარნერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე  მზია გიორგობიანი, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა: „თბილისის საკრებულოში მიმდინარე ევროპის საბჭოს პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ეძღვნება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისა და  ადამიანის უფლებათა სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს 18 მუნიციპალიტეტს მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა ადგილობრივი თვითმმართველობების როლი დემოკრატიის განვითარებაში.

მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის საბჭოს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ადგილობრივ დონეზე“.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივნის, მეთიუ მორის, განცხადებით, მან ევროპის საბჭო პროექტის განმავლობაში ამ საკითხებთან დაკავშირებით  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან იმუშავა.

„დღეს ჩვენ გვაქვს იმ პროექტის საბოლოო დახურვის ღონისძიება, რომელიც ავსტრიის განვითარების ფონდმა დააფინანსა, ევროპის საბჭომ კი განახორციელა. ეს გახლავთ ორკომპონენტიანი პროექტი, რომელიც მონაწილეობითი დემოკრატიისა და  ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების  განვითარებას მოიცავს.

პროექტის განმავლობაში ამ საკითხებთან დაკავშირებით  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან ვიმუშავეთ. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ათეასთან შეიქმნა საბჭო,  რომელიც ამ საკითხებზე ყველა მუნიციპალიტეტთან  ძირითადი ჰაბი იქნება“, - განაცხადა მეთიუ მორიმ.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო გამოფენა, რომელზედაც 6 რეგიონულ საინფორმაციო სტენდზე წარმოდგენილი იყო პროექტში მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიღწევები სამოქალაქო მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების კუთხით. დამატებით  3 თემატურ საინფორმაციო სტენდზე წარმოდგენილი იყო პროექტის მიღწევები ახალგაზრდების ჩართულობის, სამოქალაქო მონაწილეობის კამპანიის, სამოქალაქო მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების ლოკალიზაციის ინოვაციურ მეთოდოლოგიებისა და საინფორმაციო მასალების შესახებ.