თბილისის საკრებულოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიციატივითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთებისა და სხვა პროდუქციის გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა მათ მიერ შექმნილი პროდუქცია წარმოადგინეს.
ღონისძიების მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ისაუბრა.
,,დღეს საკრებულოში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ნაწარმის გამოფენა გაიმართა, რომლის მიზანი მეწარმე ქალებისთვის ხელშეწყობა და მათი პროდუქციის საზოგადოებაში პოპულარიზაციაა. ზოგადად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის საბჭოს მთავარი პრიორიტეტია’’,-განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მიმართა და ქალთა მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,მოგესალმებით, დღეს საკრებულო მასპინძლობს დევნილი ქალი მეწარმეების პროდუქციის გამოფენას. მოხარული ვარ, რომ ამ სახით ჩვენც შეგვიძლია მცირე წვლილი შევიტანოთ თქვენს მხარდაჭერაში. კერძო ბიზნესი და სახელმწიფო სტრუქტურები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ ქალთა მეწარმეობის განვითარებას. მართლაც განსაკუთრებულია თითოეული თქვენგანის დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყო წარმატებული ქალი.
მე ვიცი თუ როგორ დახმარებას გიწევთ აფხაზეთის მთავრობა. თბილისის საკრებულო და გენდერული თანასწორობის საბჭო კი ვცდილობთ და ყოველთვის შევეცდებით მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი მომავალშიც. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი ღონისძიება მხოლოდ დასაწყისია ამ ჩვენი ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობის’’,-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ დევნილი მეწარმე ქალების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით აფხაზეთის მთავრობის როლზე ისაუბრა და ამასთანავე, დედაქალაქის საკრებულოს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გახარიამ მიმართა.
საქველმოქმედო ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.