დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს წევრმა, ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილემ ნინო რუხაძემ 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ნინო რუხაძემ ანგარიშის წარდგენისას ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში ჩართულობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა.
როგორც საკრებულოს წევრმა განაცხადა, საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და ამასთანავე ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასა და მუნიციპალური სერვისების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას.
ნინო რუხაძემ საკუთარ გამოსვლაში თბილისთან შემოერთებულ ტერიტორიებზე დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ათეული წლების მანძილზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პრობლემები მოგვარებადია და მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
საკრებულოს წევრმა პრეზენტაციის დასასრულს განაცხადა, რომ ის 2019 წლიდან ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (CEMR) წევრი და ვიცე-პრეზიდენტი და ამავდროულად ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობის მსოფლიო ორგანიზაციაში (UCLG) ათეა-ს დელეგატია.
ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის მიზანი კი საქართველოს მუნიციპალიტეტების, როგორც ევროპული მუნიციპალიტეტების ოჯახის განუყოფელი ნაწილის, პოზიციონირება და საერთაშორისო, განსაკუთრებით ევროპელ კოლეგებთან, თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობაა.
ნინო რუხაძემ იმ მნიშვნელოვან მიღწევაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქალაქებისა და ადგილობრივი მმართველობის მსოფლიო ორგანიზაციიდან (UCLG) სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის გარიცხვას გულისხმობს და ამასთანავე აღნიშნა, რომ მსგავსი პრეცედენტი მომავალში UCLG-დან სხვა არაღიარებული ტერიტორიების გარიცხვის შესაძლებლობას იძლევა.
წლიური ანგარიშის პრეზენტაციას საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.