2024 წლის 19 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებთა მდგომარეობის გასაცნობად შიდა ქართლში გაემგზავრა და შეხვედრები გამართა სოფელების: დიცისა და ქორდის მოსახლეობასთან.

შეხვედრებზე მოსახლეობა ძირითადად უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობდა. აღინიშნა, რომ სხვა პრობლემებთან ერთად, სოფლებში მოუწესრიგებელია შიდა გზები, განსაახლებელია სარწყავი წყლის არხები, არ არის აფთიაქი და არც საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს. შედეგად, მაღალია ახალგაზრდების მიგრაცია, რაც ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლას იწვევს.

„ვაგრძელებ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მონახულებას და აქ მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა მდგომარეობის გაცნობა და მათ გვერდით დგომა, რომლებიც მუდმივად დგანან სხვადასხვა ტიპის, მათ შორის უსაფრთხოების პრობლემების წინაშე.

ახლახან ორი ადამიანი იქნა უკანონოდ დაკავებული. ვფიქრობ, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინოს ასეთ საფრთხის შემცველ გარემოში მცხოვრებთა მიმართ. ამიტომ ჩამოვდივარ, ვხვდები მათ და უშუალოდ ვეცნობი მათ მდგომარეობას.

ყოველი შეხვედრა გვაძლევს საშუალებას, ზედმიწევნით გამოვკვეთოთ არსებული პრობლემები, ადამიანის უფლებადარღვევის სახეები და დავინახოთ მათი გამოსწორების საშუალებები. მუდმივი მონიტორინგი გვეხმარება დასკვნების გაკეთებაში, რასაც შემდგომში შესაბამის პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებს ვაწვდით და ასევე ავსახავთ ჩვენს წლიურ თუ სპეციალურ ანგარიშებში“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.