ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა  და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

პროგრამას, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია ახორციელებს.   აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ქვევრის დღე აღინიშნა.

საქართველოსთვის ქვევრის დღის აღნიშვნას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ქვევრში დაყენებული ღვინო უნიკალური პროდუქტია. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს. ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებაა. განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ქვევრის ღვინის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით წლიდან-წლამდე იზრდება.   ქვევრის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში გაიმართა ქვევრის საერთაშორისო კონფერენცია, მსოფლიოს წამყვანი ავსტრიული ღვინის აქსესუარების ბრენდის „RIEDEL“ მიერ შექმნილი ქვევრის ჭიქის პრეზენტაცია, საპატიო სომელიეების წოდების მინიჭების ცერემონია, ამავდროულად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მარნებში ქვევრის  საზეიმო გახსნა მოეწყო. ქვევრის საერთაშორისო დღე მომავალში ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების თანხამ 1 559 284 ლარი შეადგინა. ქართული ღვინო საქართველოში წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა-ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, ასევე გაიმართა კონკურსები და სიმპოზიუმები.