საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია არის საჭირო და ნამდვილად აუცილებელი, – ამის შესახებ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის შედეგად ქუთაისი მიიღებს იმ სტატუსს, რაც მის საგანმანათლებლო ტრადიციებს შეეფერება.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა კონცეფცია, რაც არის საჭირო და ნამდვილად აუცილებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს პირველ რიგში გამოიწვევს იმას, რომ განათლების ხარისხი უფრო მაღალი იქნება და უფრო მეტად დაფასდება განათლებული ადამიანი, პროფესორი და ესეც გამოჩნდა ამ შეხვედრის შედეგად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი იღებს იმ სტატუსს, რაც მის ტრადიციას, მის წარსულს და მის მომავალსაც შეშვენის. ეს არის არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ რეგიონისთვის განსაკუთრებული სიცოცხლის მიმცემი. ამით ყველა კმაყოფილი იქნება, რადგან ქუთაისი ოდითგანვე იყო განათლების კერა და მომავალშიც იქნება“, – განაცხადა შალვა კირთაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან დღეს განიხილა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა კონცეფციის იმ მიმართულებებზე, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად ამაღლებას ისახავს მიზნად.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და განათლების რეფორმის საკითხზე მომუშავე უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანი ლევან იზორია.
 
            
             
                         



