ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა - ეს არის ბრძოლა ჩვენი ქართული ტრადიციებისა და ჩვენი ღირებულებებისთვის!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„დღეს იწყება ორკვირიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ესეც არის ევროპული საკითხი, ევროპული სტანდარტები იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული, პირველ რიგში ქალები და მე მინდა ვთქვა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, არ არის მხოლოდ ევროპული ბრძოლა, არამედ ეს არის ბრძოლა ჩვენი ქართული ტრადიციებისა და ჩვენი ღირებულებებისთვის! “, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. წელს 16-დღიანი კამპანიის მთავარი თემაა: „გავერთიანდეთ! აქტივიზმი ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“.