მას შემდეგ, რაც მამა მომიკლეს ჩემს ოჯახზე დაიწყო ძალადობა, მამაჩემი შერაცხეს მოღალატედ და საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ. რომ არა ეს ხელისუფლება, არ ვიცი ჩემი ოჯახის მდგომარეობა როგორი იქნებოდა, ვიქნებოდი თუ არა მე თვითონ ცოცხალი, - განაცხადა გარდაცვლილი პაატა ქარდავას შვილმა, ბექა ქარდავამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
„დღემდე ჩემთვის ძალიან რთულია ამ თემის გახსენება, ეს თემა ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელიც ჩემთვის 2008 წელს ჩამოინგრა. ყველაზე დიდი ზურგი, იმედი, მამაჩემი, თავდაცვის ძალების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ის ქალაქ ზუგდიდიდან გაიტაცეს, გადაიყვანეს ბათუმში, შეკვეთილში და დასვეს კატერზე, გაიყვანეს 10 კილომეტრის სიღრმეში ზღვაში, სადაც მიუჩინეს განაჩენი, უსამართლოდ მოკლულ მამაჩემს, რომელიც საქართველოსთვის და მთელი ერისთვის იბრძოდა ყოველთვის, აფხაზეთიდან დაწყებული, სოხუმის ომში იყო ჩართული და იყო ნამდვილი ვაჟკაცი, რომელსაც უყვარდა საქართველო და იბრძოდა ქვეყნისთვის. ამის მერე, რაც მამა მომიკლეს და მისი საფლავიც კი არ მაღირსეს, ჩამიძირეს ქვა მობმული ზღვაში, ჩემი ოჯახი იყო სრულ გაურკვევლობაში. არც ვიცოდით რა ხდებოდა. ეს ინფორმაცია ახლა მაქვს და მაშინ, ის პერიოდი იყო სრული ჯოჯოხეთი, რომელსაც ჩემ მტერსაც არ ვუსურვებ. როცა რაღაც იცი, საფლავი გაქვს ეს სულ სხვა რაღაც ყოფილა. ვიყავით 24 საათი რაღაცის მოლოდინში, ვინ რა ინფორმაციას მოგვაწვდიდა და შეძლებდა დახმარებას. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენს ოჯახზე დაიწყო ძალადობა. როცა ვცდილობდით რაღაც გაგვეგო, ქუჩაში გამოვსულიყავით, დაიწყო ის ეტაპები, როცა მამაჩემი მოღალატედ შერაცხეს. ეს იყო ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე რთული, იმ ტკივილზე უარესი იყო, ვიდრე მისი გარდაცვალების ტკივილი. ძალიან ამცირებდნენ ჩვენს ოჯახს იმისთვის, რომ ხმა არ ამოგვეღო. ვიყავით მოღალატე მამის შვილები, მოღალატე კაცის ცოლი იყო დედაჩემი და მთელი ჩემი ოჯახი იყო მოღალატე პაატა ქარდავას ოჯახი. ჩვენ საუბრის საშუალებასაც კი გვიზღუდავდნენ“, - აღნიშნა ქარდავამ.
„ღმერთის წყალობით, დადგა დღე, როცა მოვიდა ახალი ხელისუფლება. ნებისმიერ ადამიანს , ჩემი ოჯახს წევრს შეუძლია თქვას, რომ ეს ხელისუფლება რომ არა, არ ვიცი ჩემი ოჯახის მდგომარეობა როგორი იქნებოდა. ვიქნებოდი თუ არა მე თვითონ ცოცხალი ან ოჯახის ნებისმიერი წევრი. ამ ხელისუფლების წყალობით დღეს ვიცი, რომ მამაჩემი იმ ჯალათების ხელიდანაა გარდაცვლილი. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს გამოიძიეს ეს საქმე სრულად, რაზეც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და დღევანდელ დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმის ძიება კიდევ მიმდინარეობს, რადგან ამ საქმეში ბევრი ადამიანი იყო ჩართული და არა მხოლოდ ის, ვინც ახლა მსჯავრდებულია“,- განაცხადა პაატა ქარდავას შვილმა.