სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამონგრეულ სახლს 2017 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მე ვნახე ამ სახლის საძირკველი, რომელიც კარგად არის შესრულებული, – განაცხადა ურბანისტმა, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრმა, ნიკო კახეთელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„ის, რომ დიდი ნგრევა არ მოხდა ამ სახლის, იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება, წამოეღო ის მთლიანად, კედლის ნაწილი მაინც, ზუსტად მაგის დამსახურებაა, თორემ სხვა შემთხვევაში, შეიძლებოდა, ჩაშლილიყო საერთოდ და უფრო მძიმე ვითარებაში აღმოვჩენილიყავით“, – განაცხადა ნიკო კახეთელიძემ.
შეკითხვაზე, საჭირო იყო თუ არა დაუყოვნებლივი ზომების მიღება და დაგვიანდა თუ არა რეაგირება, რადგან მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელიც 30 მარტით თარიღდება და იქაც ცალსახად ჩანს, რომ ზედა ფასადის ნაწილზე, რომელიც მოწყდა და ჩამოიშალა, არის ორი დიდი ნაპრალი, ნიკო კახეთელიძემ განაცხადა, რომ არის პასუხისმგებლობა კონკრეტულად ქალაქის და არის მოქალაქის პასუხისმგებლობა.
„კალაძე იმიტომ ჩანს ხშირად და იმიტომ აკეთებს განმარტებებს, რომ ის პასუხისმგებლიანი ადამიანია, ყოველთვის აცხადებს და თავისი ქმედებით ყოველთვის ასეა, რომ ის პასუხს აგებს, რა თქმა უნდა, იმ ხალხთან ერთად, ვინც მასთან მუშაობს. კალაძის აქტივობა აქედან არის გამოწვეული. რაც შეეხება იმას, რას აკეთებს გამგეობა, თქვენ ახსენეთ ფაქტი, რომ ვიღაცამ გადაიღო, ზუსტად მაგის შემდეგ და მანამდეც გამგეობის თანამშრომლები, გამგებელი, მაჟორიტარი დეპუტატები, როგორც საკრებულოსი, ისე პარლამენტის, არაერთხელ შეხვდნენ მოსახლეობას, ეს ყველაფერი ოქმებში წერია და წარმოდგენილია სოციალურ ქსელში დეტალებში; მე ყოველდღე ვხედავ „ფეისბუქში“ ამ მასალებს, ეუბნებიან, აქედან უნდა გახვიდეთ და უნდა ჩატარდეს შესაბამისი ღონისძიებები. მეტსაც გეტყვით, ამ ფაქტის შემდეგ, რაც მოხდა, შიგნით კიდევ არის ხალხი. წარმოიდგინეთ, არის პასუხისმგებლობა კონკრეტულად ქალაქის და არის პასუხისმგებლობა მოქალაქის, ხომ? ხომ არ შეიძლება, პასუხისმგებლობა აიღოს ერთმა ან თუნდაც ხუთმა კაცმა?“ – განაცხადა ნიკო კახეთელიძემ.
შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა თუნდაც მხოლოდ ამ ნაწილის ჩამოხსნა, რადგან ის, გარკვეულწილად, დეკორაციის ფუნქციას ასრულებდა, კახეთელიძემ აღნიშნა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა.
„ვერ ჩამოხსნი მაგას. ის არის უმძიმესი, რამდენიმე ტონაა. დავანებოთ თავი შენობის დაშლას, სხვაგან გადაყვანას, უბრალოდ გამაგრება როცა არის საჭირო – მე ამ თემაზე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და ვიცი, უბრალოდ რომ ამაგრებ, შენ უნდა მისცე საშუალება კონსტრუქტორს, პროექტანტს და შენს შემსრულებელს, რომ შენობის სრულყოფილი გამაგრება მოახდინონ. ხალხი უნდა გამოსულიყო იქიდან. ეს პრობლემა დღესაც დგას. ჩვენ ამ პრობლემაზე რომ ვსაუბრობთ, ეს პრობლემა ახლა კი არ გაჩნდა, ათწლეულობის განმავლობაში იყო, მიწისძვრები გადაიტანა ამ ქალაქმა, გადაიტანა ძალიან ბევრი რამ და, შესაბამისად, დღეს, რა თქმა უნდა, ქალაქი მძიმე ვითარებაშია“, – განაცხადა ნიკო კახეთელიძემ.
მისივე განმარტებით, მერია იძულებას ვერ იყენებს, რადგან ეს კერძო საკუთრებას ეხება.
„იძულებას ვერ ვიყენებთ, რადგან ეს კერძო საკუთრებას ეხება. როგორც კი გამოიყენებ, სასამართლოში მიდის და გიგებს“, – განაცხადა ნიკო კახეთელიძემ.