რამდენიმე საათი ევროპის ზამთრის მე-17, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნამდე. მასპინძელი საქართველოა, სპორტულ რუკაზე კი ყურადღების ეპიცენტრში ისევ ბაკურიანი ექცევა. ზამთრის სპორტის მოყვარულები დიდი სანახაობის მოლოდინში არიან.
სტუმრები მსოფლიოს 45 ქვეყნიდან, 1 000-მდე მონაწილე და სპორტის 8 დისციპლინა - ფესტივალის მასპინძლობისთვის ყველაფერი მზად არის.
ბაკურიანში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა იმყოფებოდა, შეხვდა ორგანიზატორებს და მოხალისეებს.
მან აღნიშნა, რომ ოლიმპიური ფესტივალისთვის სპეციალურად 5 000 ცალი მონეტა გამოიცა.
"გვაქვს პატივი, ამ მოვლენას სპეციალურად მივუძღვნათ ვერცხლის საკოლექციო მონეტა "ბაკურიანი 2025"-ის თემატიკაზე. ჩვენ უკვე კარგ ტრადიციად გვექცა, რომ სხვადასხვა, მათ შორის, მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას ვუძღვნით საკოლექციო მონეტებს. ამ მონეტების ღირებულება არის მათი შეზღუდული ტირაჟი. ეს მონეტა სულ 5 000 ცალი მოიჭრა სპეციალურად ევროპაში, პოლონურ "ზარაფხანაში". მაგრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის არის ის, რომ ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების მასპინძელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაში,"- აცხადებს ნათია თურნავა.