ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის  II კვარტალში N28 კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრზე მილები 593 გრძივ მეტრზე იცვლება, ასევე, მონტაჟდება 14 საკომუნიკაციო ჭა.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

„წყალარინების ქსელის გაუმართაობის გამო დიდი ხნის განმავლობაში პრობლემები ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტით ინფრასტრუქტურული პრობლემა 126 ოჯახს მოუგვარდება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 101 363 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.