„ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტში დასარეგისტრირებელ იმ რეზოლუციების შეფასებისას განაცხადა, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას და 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციას ეხება.

მისი შეფასებით, კონკრეტულ ადამიანებს სხვადასხვა რეზოლუციის მიღებისთვის გარკვეულ თანხას უხდიდნენ, რის გამოც მოსახლეობას უსამართლობის განცდა უჩნდებოდა.

„ბევრჯერ გვინახავს რეზოლუციები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, არასწორი ინფორმაციით, სიძულვილით, თუმცა საბოლოოდ ირკვეოდა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი - კონკრეტულ ადამიანებს უხდიდნენ თანხას და ლობიზმში ფულს აკეთებდნენ. ასე ხდებოდა რეზოლუციების მიღება, რაც ძალიან  მძიმეა. როდესაც ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდა უჩნდებათ. რაც შეეხება არჩევნებს, 2012 წლიდან ვარ ჩართული პროცესებში და ასეთი მშვიდი, თავისუფალი არჩევნები არ მახსოვს. სხვათა შორის, ეუთო/ოდირ-ის შუალედური და საბოლოო დასკვნა მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული და მოსახლეობას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საუბარი იყო, რომ არჩევნები თითქოს გაყალბდა, რაც წარმოუდგენელი და აბსურდია. როგორც კი დაინახეს, რომ ვერ გაიმარჯვა იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელიც მათ წარმოადგენდა, მაშინვე დაიწყეს აღნიშნული არჩევნების „გაშავება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ფინანსური სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი პასუხობს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და მსგავსი ინფორმაცია სიცრუეზეა დაფუძნებული.

„რატომ უნდა დამიწესონ სანქციები? არჩევნების რომელ გაყალბებაზე საუბრობთ? ეს არის სიცრუე, ტყუილი, ცილისწამება. ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, ხართ სიცრუის პროპაგანდისტები. 700 ათასზე მეტი ხმით მოიგო „ქართულმა ოცნებამ“. ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი. მადლობა იმ ადამიანებს, ოჯახებს, ვინც გამოვიდა და დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს; ხმა მისცა ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროინტეგრაციას. 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ეს არის ლეგიტიმაცია. ისეთი რეზოლუციები, განცხადებები ბევრი გვინახავს, რომლებიც ტყუილზეა დაფუძნებული, გაჯერებულია ცრუ ინფორმაციებით. ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხდება მსგავსი რეზოლუციების მიღება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.