ნაძალადევის რაიონში, სანზონის N9 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 240 გრძივ მეტრზე გოფრირებული მილები ეწყობა, ასევე, შვიდი საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.
სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
„აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებამდე მოძველებული წყალარინების ქსელი რეაბილიტირდა. ამ პროექტით ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო გაუმჯობესდება და კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებთ. სანიაღვრე სისტემაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის საფარი მოწესრიგდება“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
მიმდინარე სამუშაოების ღირებულება 66 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.