თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად განაგრძობს უკანონოდ მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე განხორციელებული მშენებლობების მონიტორინგსა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო მიწების მასშტაბურად დაკავება-მიტაცების კიდევ ერთი ფაქტი ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აეროდრომის შეზღუდვის არეალში, განსაკუთრებული რეგულირების ზონაში გამოვლინდა.

„როგორც გახსოვთ, იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მიწებზე ხდებოდა უნებართვო შენობა-ნაგებობების განთავსება, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იმ ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და აქვთ უსახლკაროს სტატუსი, გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს. სახელმწიფო მიწების მითვისება და მასზე უკანონო მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავაფიქსირეთ შემთხვევები და საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ძირითადად ამ ფაქტების უკან იდგნენ ადამიანები, რომელთაც ბიზნესები აქვთ ქალაქში, ფლობენ რამდენიმე საცხოვრებელ ბინას, რეგიონებში ძალიან დიდი ტერიტორიებს. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გაჭირვებულ ოჯახებს იყენებდნენ ფარად ასეთი ადამიანები. შესაბამისად, ის დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები მოხდეს, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება გამოვლენილ კანონდარღვევას, თბილისის მერის თქმით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა.  

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს: ამას აქვს თავისი წესი, განსაზღვრულია კანონით, შესაბამისი რეგულაციებით -  შეგიძლიათ, დაწეროთ განცხადება დედაქალაქის მუნიციპალიტეტში, გაიაროთ ყველა შესაბამისი საფეხური და თუ ექვემდებარებით საცხოვრებლის მიღებას, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი გადმოგცემთ, მაგრამ სახელმწიფო მიწების მიტაცება კატეგორიულად მიუღებელია. ამას დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.