ძალადობის შემთხვევა აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. მძიმე  კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ასახავს თუ როგორ ძალადობს  ქორეოგრაფი ცეკვის გაკვეთილზე 12 წლის მოზარდზე.  

შემთხვევა ერთი თვის წინ  მოხდა, თუმცა  ინციდენტის შესახებ ცნობილი ახლა  გახდა. 


ქორეოგრაფიის მასწავლებელი მერაბ დოლიძე სამსახურიდან გათავისუფლებულია, მას  ბათუმის საქალაქო  სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 


კადრებში ჩანს, რომ  ცეკვის მასწავლებელი მოსწავლეს ხელს რამდენჯერმე ურტყამს, ქორეოგრაფის დამხმარე ქალი კი ცდილობს ბავშვის დაცვას. 


ძალადობაში ბრალდებული ქორეოგრაფი აცხადებს, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მის მიერ ნაცემმა მოზარდმა, თანატოლს სცემა. მისივე თქმით, ყველაფერს სასამართლო გაარკვევს.


„თავი დამანებეთ, ამ ხალხმა მე გამწირა და დამდო, რა.  რა იყო და, ბავშვი მიცემა იქ, კუთხეში გაყვანილი ყავდა და გამისისხლიანა. სასამართლო იქნება და დამტკიცდება ყველაფერი“,-აცხადებს ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში, ქორეოგრაფი მერაბ დოლიძე. 


სათვალთვალო კამერებიდან  ძალადობის  ამსახველი კადრები  მშობლების მოთხოვნით სამართლადამცველებმა  მას შემდეგ ამოიღეს, რაც სკოლაში  მომხდარი ინციდენტის გასარკვევად მივიდნენ. 
„პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე, ეს ფაქტი იმ დღეს არ გახმაურებულა, საღამო იყო და სამსახურში არ ვიყავი.

მეორე დღეს მოვიდნენ მშობლები, მოხდა ინციდენტი, მოხდა პოლიციის გამოძახება და სწორედ ამ დროს შევიტყვე ფაქტის შესახებ. საპატრულო პოლიციასთან გააკეთა განცხადება, რომ შემოუვარდა მშობელი, მოსწავლის დასჯის ფაქტზე.

კონკრეტული დეტალები მას არ უთქვამს, თუ როგორ დასაჯა. შემდეგ ამოღებულ იქნა მასალები, სადაც ვიხილეთ ის, რაც გამოქვეყნდა. 11 სექტემბერს ამოვიღეთ ვიდეო მასალები სამართალდამცავებთან ერთად და მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, გათავისუფლებულიყო სამსახურიდან. ჩემტან, მანამდე, არავინ არ შემოსულა მსგავსი პრეტენზიით და არც განცხადებით მოუმართავთ. ეს იყო პირველი ინციდენტი, რომელსაც მე ფაქტობრივად შევესწარი“,-აცხადებს, აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირქტორი, თამარ მესხიძე. 
მოზარდის მამა, გოჩა მელაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პროკურატურას მოუწოდებს, მოძალადე ქორეოგრაფი, უმკაცრესად დაისაჯოს. 


„ მოგიწოდებთ დაინტერესდეთ ამ უმძიმესი დანაშაულის ფაქტით. 
სამწუხაროდ, ბავშვზე მოძალადეს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა არ შეფარდებია და 2000 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ბრალდებული საკუთარი დანაშაულის ,,დაფარვისა'' თუ შემსუბუქების მიზნით ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს ანსამბლის სხვა ბავშვებსა და მათ მშობლებზე!


ამასთან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულის ოჯახის ახლობლების მხრიდან ადგილი აქვს, შეგნებულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას.
თუმცა ის რაც კადრებში ჩანს, აშკარად მიუთითებს უმძიმეს დანაშაულზე და სრულიად საკმარისია მისი ჩამდენის მკაცრი პასუხისმგებლობისათვის. საუბარია იმაზე, რომ ,,ადამიანი'' განზრახ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არაერთხელ, სამუშაო დროს,  თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების პროცესში და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით სასტიკად ძალადობს მოზარდზე და ის ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდება.


აქვე, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ დანაშაული სადაც მოხდა ის ადგილი არ გახლავთ კერძო საკუთრება, ქალაქ ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა, საჯარო დაწესებულებაა.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაინტერესდეთ საქმის მასალებით, მოახდინოთ სათანადო რეაგირება. დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. ბავშვებზე მოძალადეების ადგილი ქუჩაში არ არის“,-წერს, გოჩა მელაძე. 
ბავშვზე  ძალადობის შემდეგ ადგილი ჰქონდა ინციდენტს ქორეოგრაფსა და მოზარდის მშობლებს შორის. გამოძიება ძალადობის მუხლით გრძელდება.