მოწყალების სახლის წევრები საპატრიარქოს ეწვივნენ. სტუმრები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიიღო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის საოხად პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა.
„მისი უწმინდესობის თვისებებზე ბევრი ითქვა ამ დღეებში, რა იყო ის თვისებები, რომლითაც ის ესოდენ განდიდდა. ვნახეთ როგორი სიყვარულით, ალერსითა და პატივისცემით აცილებს მთელი ერი. რას ამბობს წმინდა სახარება: რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ის ამაღლდეს. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ. უწმინდესს ჰქონდა დიდი მოწყალება და სიყვარული ადამიანებისადმი. შეეძლო აკადემიკოსთან აკადემიკოსი ყოფილიყო, უბრალო ადამიანთან ძალიან უბრალო, ბავშვთან კი ყოფილიყო როგორც ბავშვი. პირველ რიგში ადამიანზე, გაჭირვებულებზე ზრუნავდა და აი შედეგიც, როგორ უპასუხა მის სიმდაბლეს და მოწყალე გულს ერმა. ასე რომ, ჩვენ თუ გვინდა უფალმა შეგვიწყალოს და შეწევნა გვქონდეს, უნდა მივბაძოთ მისი უწმიდესობის ამ საოცარ თვისებებს, რომლებიც მან სრულყოფილად მოიხვეჭა, სრულყოფილების კიბეს მიაღწია. შეგვეწიოს მისი უწმინდესობა თავისი წმინდა ლოცვებით, მისი სული კი სასუფეველსა ცათასა დაამკვიდროს“, - განაცხადა მეუფე შიომ.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ მოწყალების სახლის წევრებისთვის ტრადიციისამებრ ტრაპეზი მომზადდა.




