„ჩვენ იმხელა ნიჭისა და პოტენციალის ქვეყანა ვართ, რომ მუდმივად შეგვიძლია დიდ სპორტულ ფორუმებში მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოს შეუფასებელი იმიჯი შეუქმნა და ახლა მთავარია ნაკრების წარმატებები გაგრძელდეს.
დეპუტატი ამბობს, რომ სპორტში ჩადებული ინვესტიცია ქვეყანას 100%-იან მოგებას მოუტანს.
„გარკვეულ ადამიანებს სურთ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებაში ხელისუფლების როლი მიიტაცონ. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. წინა მთავრობის მსგავსად, დღეს ჩვენი მთავრობა ყველა წარმატებას თავის თავს არ მიაწერს. ყველას ნანახი გვაქვს სატელევიზიო კადრები, სადაც გვარამია ქართულ ფეხბურთს აკნინებს და ფეხბურთელების წარუმატებლობაში მთავრობას ადანაშაულებს. წარმატების დროს კი მთავრობა და მის მიერ გაწეული საქმიანობა არავის ახსოვს. არც არავისგან ვითხოვთ აღიარებას. მთავარია, დაწყებული საქმე არ შეჩერდეს და განვითარდეს.
120 მილიონი დაიხარჯა 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად. ზოგი კითხულობდა - რაში ხარჯავთ ამდენ ფულსო? დღევანდელი წარმატება კი სწორედ ჩვენმა ასეთმა მიდგომამ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სპორტის განვითარებისთვის, მე ვთვლი, რომ ინვესტიცია სპორტში უნდა გაიზარდოს. ჩვენ იმხელა ნიჭისა და პოტენციალის ქვეყანა ვართ, რომ მუდმივად შეგვიძლია დიდ სპორტულ ფორუმებში მივიღოთ მონაწილეობა. ფეხბურთში ჩადებული ინვესტიცია 100% -იან მოგებას მოგვცემს. ამ მოგებას მოაქვს ფინანსური, ეკონომიკური, რეპუტაციული აღმავლობა. გაიზრდება ტურიზმი, დაინტერესდებიან კიდევ უფრო მეტად ქართული კულტურით და ასე შემდეგ. ნაკრების ბიჭებმა მთელ მსოფლიოს გააცნეს ეს პატარა ქვეყანა და დღეს მთელი მსოფლიო გახდა საქართველოს გულშემატკივარი. ჩვენმა ბიჭებმა და ფეხბურთმა შეუფასებელი იმიჯი შეუქმნა საქართველოს. ახლა მთავარია, რომ ამ ერთი წარმატებით არ შემოვიფარგლოთ,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.