„ყველა განცვიფრებული იყო იმით, რომ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა არა მხოლოდ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნეს, არამედ შეუძლებელი შეძლეს.“- ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალური თვალსაზრისით შეიძლება განსხვავება ყოფილიყო [სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებსა] და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს შორის, ქართველმა ფეხბურთელებმა ერთი მტკაველიც არ დათმეს და ყველგან ძალიან მაგრად ითამაშეს.
„ისტორიულად, გადმოცემით რაც ვიცოდით ამა თუ იმ ომისა და ბრძოლის შესახებ, ზუსტად ის ქართული სული გადმოიტანეს ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ბიჭებმა მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალური თვალსაზრისით შეიძლება განსხვავება ყოფილიყო [სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებსა] და ჩვენს შორის, ჩვენმა ბიჭებმა ერთი მტკაველიც არ დათმეს და ყველგან ძალიან მაგრად ითამაშეს. ყველა განცვიფრებული იყო იმით, რომ მათ არა მხოლოდ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნეს, არამედ შეუძლებელი შეძლეს.
რაც შეეხება ტაქტიკას, რომელიც სწორად განსაზღვრა სანიოლმა, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო არჩეული, რაც გულისხმობდა იმას, რომ ჯერ თავი უნდა დაგვეცვა და შემდეგ გადავსულიყავით თავდასხმაზე. ასევე, გვყავდა ყველაზე მაგარი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. გვყავდა ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებსაც სწრაფი კონტრშეტევების განხორციელება შეეძლოთ და ეს ასეც ხდებოდა ხოლმე. ყველა თამაშში ჩანდა, რომ სადაც კი ოდნავ მეტის გაკეთების საშუალება გვეძლეოდა, ბიჭები ამას იყენებდნენ, ამიტომ უამრავი მომენტიც შექმნეს. ასევე, გამოჩნდა ინდივიდუალური მომენტებიც, სადაც მართლა შეუდარებლები იყვნენ კვარაცხელია, მიქაუტაძე, ქოჩორაშვილი და ა.შ.“ - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.