ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, 2024-2027 წლების თანამშრომლობის სტრატეგიას მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი სამ ძირითად სტრატეგიულ პრიორიტეტს ასახავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის, თანაბარი, მაღალი ხარისხის, ინკლუზიურ და ადამიანზე ორიენტირებულ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორებისა და ავადობის შემცირებას, პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ორმხრივი შეხვედრა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, საქართველოში, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, ჯანდაცვის სამინისტროსა და პირადად მინისტრისგან დიდი წინ გადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული შესაძლებლობა ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვის პროცედურის დანერგვის შედეგად გახდა შესაძლებელი. მისივე თქმით, ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის გეგმის შემუშავება, ჯანმოს საქართველოს ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით გრძელდება.
ჯანდაცვის მინისტრი, შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრები გამართა ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელთან, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან და გლობალური ფონდის წარმომადგენელთან.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ჟენევაში გამართულ შეხვედრებში, პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე მონაწილეობდნენ.