ჯანდაცვის მინისტრი ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ, იმ გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომლებიც სტაციონარულ დაწესებულებებში, დაავადების მართვას უკავშირდება.

შეხვედრაზე, ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ცისტური ფიბროზის ეფექტური მართვისთვის აუცილებელი ფიზიოთერაპიის, საინჰალაციო აპარატების, მედიკამენტებისა და სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის ხელმისაწვდომობის საკითხები. ისაუბრეს მცირე, კლინიკის ტიპის დაწესებულების მოწყობის შესაძლებლობაზეც, სადაც ბავშვებს, საჭირო პროცედურები და მედიკამენტოზური მკურნალობა ჩაუტარდებათ.

შეხვედრაზე, იმსჯელეს ცისტური ფიბროზის მართვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საკითხებზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებზე. ასევე ისაუბრეს დაავადების სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსთვის, პრიორიტეტი ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების დაცვაა და უწყება, ყველა გადაწყვეტილებას, სწორედ მათი გათვალისწინებით მიიღებს.

აქვე, აღინიშნა, რომ მხარეებს შორის კომუნიკაცია და თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი სასანია და თეა გიორგაძე, ასევე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.