ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. მხარეებმა, ფსიქიატრიული მიმართულებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. მინისტრმა, სახალხო დამცველს, საკითხით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება სამინისტროს გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს, ამ პროცესში კი სექტორთაშორისი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, სახალხო დამცველმა, სამინისტროს, აღნიშნული მიმართულებით რეკომენდაციები გაუზიარა და აღნიშნა, რომ მათ შესასრულებლად, უწყება, აქტიურად მუშაობს.

შეხვედრას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, ასევე, სახალხო დამცველის მოადგილეები და აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.