„სააკაშვილის ყოფილი პროკურორის დავით საყვარელიძის განცხადება არის აღიარება, რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„სააკაშვილის ყოფილი პროკურორის განცხადება არის კიდევ ერთი აღიარება იმ ღალატისა, რაც „ნაცმოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა. საკუთარ ტყუილებში იხლართებიან, ჯერ ერთს ამბობენ, შემდგომ – მეორეს და ვეღარ გამოდიან იმ ლაბირინთიდან, ტყუილებით თვითონ რომ ქმნიან. ეს განცხადება ნაწილობრივ პასუხს სცემს იმ საკითხს და წერტილს უსვამს, თუ როდის, რომელ დღეს დაიწყო რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილების შემოსვლა და, ესე იგი, საქართველო-რუსეთის ომი. ეს წინა დღე და შემდგომ უკვე ბომბდამშენის გადაფრენა, ამ კითხვაზე, პრაქტიკულად, ყველანაირ პასუხს სცემს. ეს არის აღიარება, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, თვითონვე აღიარებს, რომ ძალიან ახლოს იყო კოლაფსი, რომელსაც საქართველო გადაურჩა, თუმცა გადაურჩა ნაწილობრივ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, აღიარებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსეთის ფედერაციის მიერ, ოკუპაცია დამყარდა და ამ ოკუპაციის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რომლითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა მკაფიო პასუხი, ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის იმ ტრაგედიისა, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად. პირველ რიგში, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა, პრაქტიკულად, განადგურების წინაშე დააყენა. ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერები დღეს უკვე, პრაქტიკულად, ღიად აცხადებენ და აღიარებენ, პასუხს სცემენ და წერტილს უსვამენ ყველა იმ შეგნებულად გაკეთებულ განცხადებას, ტყუილებს, რომლითაც ცდილობდნენ 2008 წელს საკუთარი დანაშაულის გადაფარვას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით საყვარელიძემ განაცხადა: „რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო 2008 წელს, არ ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის გეგმა ბოლომდე დამუშავებული, ისინიც ქაოტურად მოქმედებდნენ, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები“.








