საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აქციაზე დაშავებული პირები, რომლებიც კლინიკებში არიან გადაყვანილი, შესაბამის მკურნალობას გადიან. სარჯველაძის ინფორმაციით, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ადგილზე ყველა პირს სათანადო დახმარებას უწევს.
„აქციების დაწყების დღიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური პრაქტიკულად უწყვეტად, მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა ყველა პაციენტისთვის უზრუნველყოფილი იყოს სამედიცინო დახმარება. საბედნიეროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ამ ყველაფერს წარმატებით ართმევს თავს.
სამედიცინო დახმარებას იღებს უკლებლივ ყველა პაციენტი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. ისინი შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში თავსდებიან. სამინისტროდანაც ვრცელდება ყოველდღიურად ინფორმაცია.
სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტები შედიან სხვადასხვა ხარისხისა და ტიპის დაზიანებებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც მოგეხსენებათ, 3 დეკემბრის მონაცემებით, 26 პაციენტი გადაიყვანეს კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმით. ბუნებრივია, ყველას სათანადო მკურნალობა გაეწია. პრაქტიკულად არცერთ შემთხვევაში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ფატალური შედეგის, ასე ვთქვათ, მძიმე შედეგების მოლოდინი იყოს. ყველა პაციენტი სათანადო მკურნალობას გადის. დაზიანებები არის სხვადასხვა სიმძიმის. მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურებიდანაც არიან კონკრეტული პირები, რომელთა ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.