მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად კვდება და თუ ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს, მაშინ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ლეგიტიმურად მიღებული - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.
„მოსანახულებლად რომ შევდივარ მიხეილ სააკაშვილთან, ყოველ ჯერზე უფრო უარესად მხვდება და თუ ეს ასე გაგრძელდა, ეს ადამიანი მოკვდება ციხეში. თუ მას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი... ახლა მე ხელისუფლებას კი არ მივმართავ და არავითარ შემთხვევაში არ მიმაჩნია სწორად, მასზე ამ პასუხისმგებლობის მთლიანად გადატანა. მივმართავ რიგით ადამიანებს, მთელ მოსახლეობას. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ასე უნდა გაგრძელდეს, არავითარ შემთხვევაში მისი გადაყვანა არ შეიძლება, ვიცნობ ასეთ ადამიანებს და ამ ადამიანებს ვეუბნები, რომ არსებობს სამართლიანობა, რომელიც კიდევ ცალკე დასადგენია, რამდენადაა სამართლიანი, მაგრამ არსებობს კიდევ შეწყალება ადამიანის. ადამიანი კვდება, ნამდვილად კვდება ეს ადამიანი და თუ ვინმე ფიქრობს, იმას, რომ ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე იქნება, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ეს იქნება თითოეულ ადამიანზე, რომელიც ამაზე არის თანახმა. ამბობენ თვითდაზიანებას ეწევა და თავს ინუგეშებენ ამით. ასევე ამბობენ, რომ მან ბევრი ადამიანი გაამწარა, ბევრ ადამიანს უარესი გაუკეთა და მე გეუბნებით, რომ ამ ადამიანს თუ აქვს დანაშაული და კიდევ თუ ვინმე ამბობს, რომ სააკაშვილი იყო ჯალათი, ე.ი. ჯალათიც უნდა გასამართლდეს და ჯალათსაც უნდა კანონიერად მიესაჯოს სასჯელი და თუ ის სიკვდილით უნდა დაისაჯოს, მაშინ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ლეგიტიმურად მიღებული. თუ ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაშინ ამ წუთას ეს ხდება, ეს ადამიანი კვდება და ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, რაღაცნაირად გული მოირბილონ და ასეთი უხეშები ნუ იქნებიან”- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.