დღევანდელი სინოდის სხდომა 5 საათის დაგვიანებით დაიწყო და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა,
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ცუდად იყო, რის გამო ვერ ტარდებოდა სხდომა. თუმცა, მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და ვიდეო კადრები. სადაც აღნიშნულია:
"საქართველოს საპატრიარქოში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო."
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ პატრიარქი თავს სუსტად გრძნობდა, რის გამო სხდომის დაწყება დაგვიანდა, მაგრამ ჩატარდა, სადაც 3 საკითხი განიხილეს.
"რა იყო საკითხები, ვერ გეტყვით, რადგან სინოდს ჰყავდა მდივანი, რომელიც წერს განჩინებას. ძალიან მალე დაამთავრებს. სინოდის სხდომა ძალიან მოკლე იყო. თუ არ ვცდები, იყო სამი საკითხი. სინოდის სხდომამ ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა. საერთოდ, ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად, საკამათო არაფერი იყო. პირველი, რაც შემიძლია, გითხრათ, იყოს ის, რომ მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 წლის იუბილე და პატრიარქობის 45 წლის იუბილე. ერთ-ერთი საკითხი იყო, რომ სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. დანარჩენი, ძალიან ყოფითი საკითხი იყო.
რაც შეეხება პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებას, ამას ვერავინ მოესწრება. თქვენ მე მაიძულებთ, ცუდი რაღაც ვთქვა. ახლა ვიტყვი, ვერ მოესწრება ამას ვერავინ, ვერასოდეს. არასოდეს დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რაღაც მსგავსი ეთქვა. ვერ მოესწრება ვერავინ. პატრიარქი იქნება დიდხანს და ჩვენ პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. სანამ პატრიარქი პატრიარქია თვითონ ჩაატარებს ყოველთვის სინოდის სხდომას.
პატრიარქი იყო სუსტად, მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს. სინოდის სხდომის ჩატარებაზე არავინ არის უფლებამოსილი, ვიდრე პატრიარქი პატრიარქია, თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას. ამიტომ ვიცდიდით ამდენ ხანს. პატრიარქი რომ არ ჩამოსულიყო, სხდომა გადაიდებოდა, არ ჩაიშლებოდა" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.