ლოცვა და მარხვა ადამიანში სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობების ერთგვარ კულტივირებას ახდენს და ჰარმონიაში მოჰყავს ისინი,- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის საშობაო გზავნილშია ნათქვამი.

"ქრისტეს შობის დღესასწაულის მოახლოებისას, წლიდან წლამდე, ჩვენ ვიწყებთ მზადებას. სამზადისის კანონიკური სახეა საშობაო მარხვის დაწყება, რითაც ეკლესია სულიერად გვამზადებს და ჩვენს ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეებსა და პრობლემებზე, რაც ადამიანში ღმერთის მიმართ გაუცხოებას თესავს და ღმრთის შემეცნების გზაზე დამაბრკოლებელი ყრუ კედლის აღმართვას უწყობს ხელს! სამწუხარო სინამდვილეა, რომ რწმენისა და სულიერი ცხოვრების საკითხებისადმი ფორმალური და ზედაპირული მიდგომები სულ უფრო მეტად მოეძალა ჩვენს საზოგადოებას, რომლის ერთი (არცთუ უმნიშვნელო) ნაწილისთვისაც ორმაგი სტანდარტი ცხოვრების წესად ქცეულა.

ლოცვა და მარხვა ადამიანში სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობების ერთგვარ კულტივირებას ახდენს და ჰარმონიაში მოჰყავს ისინი; ... და სადაც ეს ხდება, იქ არის ახალი დაბადება, ახალი დასაწყისი, ჭეშმარიტი ფერისცვალება; იცვლება სამყარო, იცვლები შენ და იწყება ახალი, მანამდე უცნობი ცხოვრების ბედნიერება!

მახსენდება XX საუკუნის 90-იანების დასაწყისში ჩემი მსახურებითი გამოცდილებიდან ერთი ადამიანი, 60 წელს გადაცილებული ასაკისა, რომელმაც, ეკლესიაში მოსულმა, მისთვის მანამდე უცნობი სამყარო აღმოაჩინა და გარკვეული დროის შემდეგ ასეთი რამ მითხრა: „მამაო, 60 წელი მოვიყარე ისე, რომ ვცხოვრობდი, ვზრუნავდი ოჯახისთვის, ამ ქვეყნისთვის, თითქოს ცუდიც არაფერი გამიკეთებია, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ სწორედ მაშინ დავიბადე, ეკლესიაში რომ მოვედი და სულიერ ცხოვრებას შევუდექი“. ამ ოჯახში ხშირად მიწევდა მისვლა და დღითი დღე ვხედავდი, რომ ისინი სულ სხვა ადამიანები იყვნენ, ვიდრე მანამდე; თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა მათი ცხოვრება და ურთიერთობები. ამან ჩემზე წარუშლელი გავლენა იქონია, როგორც ცოცხალმა გამოცდილებამ"- აღნიშნულია მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილში.