თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრა. 

საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერი წლიური ანგარიშით წარსდგა, ლევან არველაძემ იმ პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა, რომელიც თბილისის მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტშია გაწერილი. ლევან არველაძემ კახა კალაძეს საინტერესო ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თბილისის მერის და მისი გუნდის მუშაობის შედეგად 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქის ბიუჯეტი ორნახევარჯერ არის გაზრდილი.

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, 2017 წელს, დედაქალაქის დამტკიცებული ბიუჯეტი 843, 134, 500 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო დღეს, 2025 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი 1 983 178,0 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ლევან არველაძის განმარტებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა 2017 წელს 163,716,00 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო დღეს - 685 915,7 ათასი ლარია. ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება 2017 წელს 148,835, 200 ათასი ლარი იყო, დღეს კი ამისთვის 246 495,3 ათასი ლარია განსაზღვრული. ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება 2017 წელს 99, 345,100 ათასი ლარი გახლდათ, 2025 წლის ბიუჯეტით კი ამ მიმართულებით 165,575,200 ათასი ლარია გამოყოფილი. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 79,106,400 ათასი ლარი იყო განსაზღვრული, მომავალი წლის ბიუჯეტში კი - 263 120,9 ათასი ლარი გამოიყოფა. განათლების მიმართულებით გამოყოფილი თანხები 2017 წელს 122,892, 900 ათას ლარს შეადგენდა, მომავალ წელს კი განათლებისთვის - 261 539,9 ათასი ლარი განისაზღვრება. რაც შეეხება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას, ლევან არველაძის განცხადებით, აქ 2017 წელს 29, 026, 700 ათასი ლარი დაიხარჯა, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში კი - 39 294,0 ათასი ლარი გამოიყოფა.

ამას გარდა, ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში შენარჩუნებულია ყველა ძირითადი პრიორიტეტი. როგორიცაა ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება; ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა; სატრანსპორტო რეფორმა და სხვა.

„წარმოდგენილი ბიუჯეტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ქალაქის განვითარებას სჭირდება. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში თქვენი საქმიანობა კიდევ უფრო პოზიტიურად შეფასდება. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, თბილისი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და მოწესრიგებული ქალაქი“ - განაცხადა ლევან არველაძემ.