„მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ და დიდი პატივისცემა გამოვხატო თქვენ მიმართ, რომ სწორ მხარეს იბრძვით" – ასე მიმართა ლაზარე გრიგორიადისმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ახალგაზრდებს შეხვდა.
"ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ევროპულ მომავალს არ ჩამოვშორდეთ. არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, „პროსტა“ ისე მიყვარხართ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენ ჩვენი პრეზიდენტი ხართ“, – მიმართა ლაზარე გრიგორიადისმა სალომე ზურაბიშვილს.
შეგახსენებთ, 2024 წლის 24 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შეიწყალებს.
შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და 2023 წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.
2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.