პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილემ ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ.
"მადლობა სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით", – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ "უცხოური გამჭვირვალობის" შესახებ კანონი დემოკრატიას ძირს უთხრის.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას ეტყოდა ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა კანონს აპროტესტებენ, მან განაცხადა:
"მე მგონი, ახალგაზრდებს მიმართვა არ სჭირდებათ".
მისი თქმით, იგი დღეს მივა აქციაზე.
გრიგორიადისმა განაცხადა, რომ მისი ბრალდება პოლიტიკური იყო:
"ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა. ყველაფერი ცხადად ჩანს. მგონი, განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს, მიჩვეული ხარ საქართველოში ასეთ რაღაცებს. რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით“, - განაცხადა გრიგორიადისმა.
მისი თქმით, სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ის პოლიციელები მიიყვანეს, რომლებსაც აქტივისტები არ დაუკავებიათ:
"როგორც აქციებზე ხდება, საერთოდ სხვა პოლიციელები მოჰყავთ, რომლებმაც აქტივისტები არ დააკავეს, იგივე სიტუაცია იყო მანდაც, მგონია, რომ დასმული, პოლიტიზებული პოლიციელები მოიყვანეს სასამართლოზე“.
გრიგორიადისმა საპატიმროში მისდამი მოპყრობაზეც ისაუბრა:
"ადმინისტრაციის მხრიდან ნორმალური მოპყრობა იყო, ბევრი პრობლემა არის ციხეშიც".
როგორც მან აღნიშნა, ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" ამ კანონის მიღებას ვერ შეძლებს: "არ მგონია, შეუძლებელია".
ლაზარე გრიგორიადისმა, რომელმაც ციხეში ერთ წელზე მეტი გაატარა, თქვა, რომ ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა უჭირდა.
შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 აპრილს გამოსცა.