31 მარტი
ამ დღეს დაიბადა ზვიადი, რომელიც გარდა პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისა საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლის ჩამყრელია მთელი თავისი მოღვაწეობით. - ამის შესახებ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
"1991 წლის 31 მარტს საქართველოს განახლებულ სახელმწიფოებრიობას ამ დღეს ჩატარებულმა რეფერენდუმმა დაუდო სათავე. ამ დღეს დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული, არა საბჭოური არჩევნების შემდეგ გამოცხადებული “გარდამავალი პერიოდი”.
მანამდე, 1879 წლის 31 მარტს "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" დაარსებული იქნა დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის და იაკობ გოგებაშვილის მიერ. ამ საზოგადოებამ იარსება 48 წელიწადს. იგი გაუქმდა 1927 წელს, საქართველოს იძულებითი სოვიეტიზაციის შემდეგ. საზოგადოების არქივი და წიგნადი ფონდი მთლიანად გადაეცა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას.
სამივე თარიღს უღრმესი კავშირი აქვს ერთმანეთთან. ისინი გვახსენებენ, რომ ისტორია მხოლოდ წარსული არ არის.
ამ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობას ეთნიკური ქართველების გარდა ხმა მისცეს აფხაზებმა, ოსებმა, ქისტებმა, აზერბაიჯანული და სომხური იდენტობის მქონე მოქალაქეებმა. ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობის თანაშემოქმედნი გახდნენ." - წერს კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუკში"